სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ტირიფი

სახეობა: Salix pantosericea

სინონიმები: Salix argyrophylla

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი; სვანეთი: მდინარე ნაკრას მარცხენა ნაპირი, ჰადიშის მყინვარი, მდ. მემულის ხეობა, ჩხუდნიერის გადასასვლელი, მდ. ყორულდაშის სათავეები; რაჭა-ლეჩხუმი: მთა ბუბას ქვემო კალთები. სახეობის არეალი მოიცავს საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიას.

ჰაბიტატი: იზრდება სუბალპურ სარტყელში, 2 100-2 500 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან ტანბრეცილი ტყეების ნაპირებზე, განსაკუთრებით დაჭაობებული რუების ნაპირებთან, მორენებსა და ქვიან ჩამონაზვავებთან.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
NE (არ არის შეფასებული)

შენიშვნა: კავკასიის ენდემური სახეობა. Salix-ის გვარის 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია უმთავრესად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 16 სახეობა. ტირიფის მერქანი გამოსადეგია ცელულოზის მისაღებად. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში ტირიფის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image