სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

სახოკიას ბერყენა

სახეობა: Pyrus sachokiana

გავრცელება: საქართველო – კახეთი: ქიზიყი, შირაქი, „შავი მთის” მიდამოები, ელდარი; მესხეთი: სოფელი ურაველის მიდამოები

ჰაბიტატი: არიდული მეჩხერი ტყე, მთის ქვედა სარტყელი

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
EN (საფრთხეში მყოფი)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
EN (საფრთხეში მყოფი)

შენიშვნა: აღმოსავლეთ საქართველოს იშვიათი, ვიწროლოკალური, ენდემური სახეობაა. მნიშვნელობა აქვს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის; იყენებენ როგორც საძირეს. სახეობის არეალი მცირდება გაჩეხისა და ინტენსიური ძოვების შედეგად. გავრცელების ადგილზე არაა დაცული, მხოლოდ ორი კორომია შემორჩენილი. Pyrus-ის გვარის დაახლოებით 60-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში. საქართველოში იზრდება ამ გვარის 11 სახეობა. მათგან ოთხი საქართველოს, სამი – კავკასიის ენდემური სახეობაა. პანტა როგორც მაჟალო, ერთ-ერთი მთავარი ველური ხილია. ნაყოფი გამოიყენება საჭმელად; მისგან ამზადებენ ჩირს, ხდიან არაყს. ქერქისგან წაბლისფერი საღებავი მიიღება. კარგი მერქანი აქვს. თაფლოვანი მცენარეა.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში სახოკიას ბერყენას რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image