სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ქურციკი

სახეობა: Gazella  subgutturosa 

ქართული სინონიმები: ჯეირანი

გავრცელებაგავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, მაგრამ ამის მიუხედავად მსოფლიოს მრავალ ადგილას გადაშენებულია და საფრთხის წინაშე მყოფი პოპულაციით არის წარმოდგენილი. საქართველოში მისი გავრცელების ისტორიული არეალი მოიცავდა თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტეპებსა და ნახევარუდაბნოებს (სამგორის, ყარაიას, შირაქისა და ელდარის ველებს).

ჰაბიტატი: საქართველოში ქურციკის ადგილსამყოფელს წარმოადგენს ღია ველები უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ავშნიანი მლაშე ნიადაგები.

კონსერვაციული სტატუსი (საერთაშორისო):
VU (მოწყვლადი)

კონსერვაციული სტატუსი (ეროვნული):
RE (ეროვნულ დონეზე გადაშენებული)

რიცხოვნობა: 2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, ქურციკის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. 2017 წელს ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა 45 ინდივიდამდე გაიზარდა.  2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

შენიშვნა: XX საუკუნის  80-იან წლებამდე საქართველოში ქურციკი შირაქის ველის აღმოსავლეთით (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები), თბილისი შემოგარენში, გარდაბნის, სამგორის ველებზე და  მდ. იორის ქვემო დინების მიდებარე ტერიტორიაზე გვხვდებოდა. მისი საარსებო არეალის სამეურნეო ათვისებამ, ურბანიზაციამ და ბრაკონიერებამ გამოიწვია პოპულაციის მთლიანად გადაშენება.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image