სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

კავკასიური ძელქვა

სახეობა: Zelkova carpinifolia

სინონიმები: Rhamnus carpinifolia; Zelkova hyrcana

გავრცელებასაქართველო – სამეგრელო: სენაკი, მარტვილი; იმერეთი: აჯამეთი, ქუთაისის, სვირის მიდამოები, შორაპანი, გელათი, მდინარე ყვირილასა და წყალწითელას ხეობები, ნაქერალას უღელტეხილის სამხრეთ ფერდობები, აჯამეთის დაცული ტერიტორია; გურია: საჯავახო, ოზურგეთი; კახეთი: სოფელი ქვემო ალვანი, ბაბანაური. საერთო გავრცელება: თალიში, ყარაბახი, ჩრდილოეთ ირანი,  აღმოსავლეთ ანატოლია.

ჰაბიტატი: იზრდება ტენიან ტყეებში, მდინარეთა ნაპირებზე და ხეობის გაყოლებით დაბლობსა და მთის ქვედა სარტყელში, ზოგან  ზღვის დონიდან 1600-1700 მ-მდე. ჩვეულებრივ გვხვდება ტყეებში სხვა სახეობებთან ერთად ან ძალზე იშვიათად მცირე კორომებს ქმნის.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
VU(მოწყვლადი)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
VU (მოწყვლადი)

შენიშვნა: ძელქვა მესამეული პერიოდის რელიქტია. იშვიათი და ლამაზვარჯიანი დეკორატიულია სახეობაა. ძელქვის შედარებით ვრცელი კორომები დაცულია აჯამეთისა და ბაბანეურის ნაკრძალებში. კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად – ამონაყრით, ცოცხლობს 300 წლამდე.

Zelkova-ს გვარის 5-7 სახეობა გავრცელებულია უმთავრესად, აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ გვარის მეცნიერული ლათინური სახელწოდება – “ძელკოვა” ქართული სიტყვა “ძელქვისაგან” წარმოდგება. ძვირფასმერქნიანი ხემცენარეა. მძიმე, დრეკადი, მეტად გამძლე მერქანი აქვს. ტექნიკური თვისებებით აღემატება მუხის მერქანს. ძვირფასია როგორც სამშენებლო მასალა, გამოიყენება სახარატო და საავეჯო წარმოებაში.

რიცხოვნობა: სახეობის არეალის და მარაგის შემცირების ძირითადი საფრთხეა: მერქნის მოპოვება, არეალის ფრაგმენტაცია, ტერიტორიების სამეურნეო მიზნით ათვისება. ინფორმაცია საქართველოში ძელქვის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image