სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

კავკასიის კაბაჭრელა

სახეობა: Erythronium caucasicum

სინონიმები: Erythronium dens-canis

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი: ფსოუს სათავე, მთა აიბგა; რაჭა-ლეჩხუმი: ონის მიდამოები შაორის ტბასთან, ტყეში; იმერეთი: ქუთაისი, კორბოული. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება სტავროპოლის მხარეში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), დასავლეთ და ცენტრალურ ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.

ჰაბიტატი: იზრდება პატარა ჯგუფებად,  ზოგჯერ ქმნის ასპექტს ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლემდე მუხნარში, ბუჩქნარში, მდელოებზე, ხშირად კირქვიან ბალახოვან ეკოტოპებზე.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო)
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
EN (კრიტიკულ საფრთხეში მყოფი)

შენიშვნა: დასავლეთ კავკასიისა და სამხრეთ კავკასიის ენდემური სახეობაა სტავროპოლის ზეგანზე ანკლავით. Erythronium-ის გვარის 25-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ჩრდ. ამერიკის მთებში, აგრეთვე ევრაზიაში იაპონიამდე. ტყისა და მთის ეფემეროიდული დეკორატიული მცენარეებია. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება – აღწერილია შავიზღვისპირეთიდან (მთა აიბგა). სახეობა დაცულია ჩრდილოეთ კავკასიის „კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალში“ და სოჭის ნაციონალურ პარკში. ბოლქვები გამოიყენება საკვებად და ხალხურ მედიცინაში.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში კავკასიის კაბაჭრელას რიცხვის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image