სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ერმანის ასკილი

სახეობაRosa ermanica Manden

ქართული სინონიმები: ერმანის ვარდი

გავრცელება: საქართველო – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი: მდინარე ერმანის მარჯვენა მხარე, სოფელი ქვემო ერმანის მიდამოები, სოფელი დელვარსის მიდამოები (სოფელ ქვემო ერმანსა და ედისს შორის), სოფელი ედისი, სოფელი გუბისი ზემოერმანის მახლობლად; მთიულეთი: გუდამაყრის არაგვის სათავეები, ბურსაჭილის ხეობა, სოფელი ჩოხი.

ჰაბიტატი: იზრდება ქვიან ადგილებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე, სუბალპურ სარტყელში

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
NE (არ არის შეფასებული)

შენიშვნა: საქართველოს ენდემური სახეობაა. ასკილის გვარის თითქმის 250-300 (სხვა მონაცემებით – 400-მდე) სახეობა გავრცელებულია დედამიწის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებსა და ტროპიკული სარტყლის მთებში. საქართველოში გვხვდება 30 სახეობა. მათგან ექვსი საქართველოს, რვა კი კავკასიის ენდემური სახეობაა. ასკილის სახეობებისთვის დამახასიათებელია დიდი პოლიმორფიზმი და მრავალი ჰიბრიდული ფორმის არსებობა, რაც მეტად ართულებს ამ გვარის ტაქსონომიას.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში ამ მცენარის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image