სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

დმანისის ჰომინინები

მდებარეობა: დმანისის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლი). სოფ. პატარა დმანისი, მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან მდებარე კონცხი.

ასაკი: პლეისტოცენი (1.88 მლნ.წელი)

აღმოჩენის ისტორია: 1983 წელს დმანისის  შუა საუკუნეების ნაქალაქარზე ქვევრის მსგავსი სამეურნეო ორმოს გათხრისას არქეოლოგებმა იმ პერიოდისთვის უცნაურ ცხოველთა ნაშთები იპოვეს, რომლებიც პალეონტოლოგმა, პროფ. აბესალომ ვეკუამ შეისწავლა. მათ შორის იყო გადაშენებული მარტორქის კბილი, რომელიც ადრეპლეისტოცენურ ხანაში (2.0-1.5 მლნ. წლის წინ) ბინადრობდა. 1984 წელს ნაქალაქარზე ქვის იარაღები აღმოჩნდა, ხოლო 1991 წელს კი – ჰომინინის პირველი ნაშთი – ქვედა ყბა კბილების სრული წყებით. მოგვიანებით, 1999 წლის ზაფხულში, ამავე გეოლოგიური ფენიდან იმავე ასაკის ორი მცირე ზომის თავის ქალა გამოვლინდა.

აღწერილობა: დმანისის აღმოჩენები უძველესია ევრაზიის ტერიტორიაზე და აფრიკიდან განსახლების პირველ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. ამ აღმოჩენებმა საფუძვლიანად შეცვალა შეხედულება ადამიანის ევოლუციის ისტორიაზე.

დმანისის ძეგლი უმდიდრესია ჰომინინების განამარხებული ძვლების სიმრავლით. დღეისთვის აქ ადრეული ჰომინიდის – Homo erectus georgicus-ის 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი. დმანისი მდიდარია პალეონტოლოგიური მასალით და ადამიანის მიერ დამზადებული ქვის იარაღებითაც.

დმანისელი ჰომინინები, თანამედროვე ადამიანთან შედარებით,  მომცრო ტანის იყვნენ (1.5მ); მათ წინ გამოშვერილი სახეები და მცირე ტვინის მოცულობა ჰქონდათ (თანამედროვე ადამიანის 1/3 ან 1/2); ისინი ორ ფეხზე დადიოდნენ. ამასთანავე, მათ ჰქონდათ კარგად განვითარებული ფეხის მტევანი და ქვედა კიდურები, რაც ხელს უწყობდათ, რომ მარტივად გადაადგილებულიყვნენ.

detail right image