სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

ბუშის ცხრატყავა

სახეობა: Lonicera buschiorum

სინონიმები: Lonicera coerulea

გავრცელება: საქართველო – ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო: ქვედა ერმანსა და ხოზემს შორის, ქვედა ერმანსა და შავლოხოვს შორის; მთიულეთი: ყაზბეგის რაიონი, მდინარე ხდის ხეობა, თრუსოს ხეობა, მწვერვალ ხარისარის ფერდობზე, არყნარში.

ჰაბიტატი: იზრდება ტყის ზედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, 2500 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, არყნარში, სუბალპურ ბუჩქნართა რაყაში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე და ქვიან ჩამონაზვავებზე.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
NE (არ არის შეფასებული)

შენიშვნა: საქართველოს ენდემური სახეობაა. კავკასიაში ამ გვარის ველურად მოზარდი 7 სახეობიდან საქართველოში 5 სახეობა გვხვდება. გვარს სახელწოდება კარლ ლინემ მიანიჭა ცნობილი გერმანელი მათემატიკოსის, ექიმისა და ბოტანიკოსის – ადამ ლონიცერის  (A. Lonitzer, 1528-1586) პატივსაცემად.

რიცხოვნობა: ინფორმაცია საქართველოში ბუშის ცხრატყავას რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image