სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

საოცარი მაჩიტა

სახეობა: Campanula mirabilis

სინონიმები: Campanula mirabilis var. aureomarginata; C. regina

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი: გაგრის მიდამოები მდ. გეგის შესართავთან, გაგრის ქედი, მთა არაბიკა, ბზიფის ხეობა, ცისფერი ტბის მიდამოები, ძიშრა, იუპშარას ხეობა.

ჰაბიტატი: იზრდება ტყის და ქვედა ალპურ სარტყელში 2500 მ-მდე ზღვის დონიდან, კირქვიან  კლდეებზე.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
EX (გადაშენების საფრთხეში მყოფი).

შენიშვნა: საქართველოს ენდემური სახეობა. ცნობილია მხოლოდ აფხაზეთის რეგიონიდან. იშვიათი, ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობაა. არ არის დაცული, მაჩიტას მრავალი სახეობა დეკორატიულია, ხშირად იყენებენ ალპინარიუმებისათვის, ზოგი სახეობა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ციებ-ცხელების საწინააღმდეგო, სისხლაღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი საშუალება.

რიცხოვნობა: გვხვდება იშვიათად, მცირე პოპულაციებად. ინფორმაცია საქართველოში ამ ტაქსონის რაოდენობის შესახებ არ არსებობს

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image