სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

პონტური პირთეთრა

სახეობა: Cerastium ponticum

სინონიმები: Cerastium ponticum var. glabratum; C. annae

გავრცელება:  საქარველო – აფხაზეთი: ბზიფის ქედი, მთა ნაპრა, გაგრის მასივი, (მამძიშხა), ჩიფშარა, ბერჭილის ქედი – გზა არაბიკისკენ, გეგის ხეობა, გეგელუკი, მდ. ანდროპის სათავე. დანარჩენი სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის სანაპირო.

ჰაბიტატი: იზრდება კირქვიან კლდეებზე, მთის ზედა სარტყელში, ზღვის დონიდან 1900-2400 მ სიმაღლეზე.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
EN (საფრთხეში მყოფი)

შენიშვნა: კავკასიის ენდემური სახეობა. Cerastium-ის გვარის 100-მდე სახეობა გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე, უმეტესად ევრაზიაში. საქართველოში 25 სახეობა გვხვდება, მათგან შვიდი ტაქსონი კავკასიის, სამი კი საქართველოს ენდემური სახეობაა. პონტური პირთეთრას ტიპური თეთრი ბუსუსებიანი მცენარიდან გამოყოფილია ვარიაცია სრულიად შიშველი ფოთლებით. ეს სახესხვაობა გვხვდება გაგრის ქედზე (მთა არაბიკა) ჩვეულებრივ ფორმასთან ერთად.

რიცხოვნობა: იშვიათი სახეობა, გვხვდება მცირე პოპულაციებად. კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში ამ ტაქსონის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image