სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

კოლხური თხილი

სახეობა: Corylus colchica

სინონიმები: Corylus iberica; C. iberica var. glandulosa

გავრცელება: საქართველო – აფხაზეთი: გუდაუთის რაიონი, ხისმის ქედი „ქაჩალი მთა“, აჩიგვარა (გუბისი); სოხუმის ახლოს, მთა აპიანჩა; ბზიფის ქედი, მთა იაპსხუ, მთა არაბიკა, ახალი ათონი, მთა ფსირცხა. სამეგრელო, მარტვილის რაიონი: ჯვარ-მიგარიას ქედი, სოფ. კურზუს ზევით.

ჰაბიტატი: ტენისმოყვარული მცენარე. იზრდება კირქვიან ფერდობებსა და ჩამონაზვავებზე, მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, უპირატესად ტყის პირას, ასევე კირქვიან კლდეებსა და ლოდებზე.

კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
VU (მოწყვლადი)

კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
VU (მოწყვლადი)

შენიშვნა: საქართველოს ენდემური სახეობა კოლხეთის რეფუგიუმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისთვის. სახეობა არ არის დაცული, არეალის შემცირების ძირითადი მიზეზია მოსახლეობის მიერ ხეების უსისტემო ჩეხვა. Corylus-ის 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის (განსაკუთრებით აღმ. აზიის) და ჩრდ. ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 6 სახეობა, მათგან ორი – კავკასიის და ორი  საქართველოს ენდემური სახეობაა.

რიცხოვნობა: კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში კოლხური თხილის რაოდენობის შესახებ არ არსებობს.

* ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ განსაზღვრული საფრთხის დონეები: საჭიროებს ზრუნვას (LC); საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT); მოწყვლადი (VU); საფრთხეში მყოფი (EN); კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR); ეროვნულ დონეზე გადაშენებული (RE); ბუნებაში გადაშენებული (EW); გადაშენებული (EX); არ არის შეფასებული (NE); არასრული მონაცემები (DD)
detail right image