სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი მუდმივად განვითარებადი ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე რუკის ელექტორნულ ვერსიაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების ძირითადად საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, ხოლო ბეჭდურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით დატანილია 98 სახეობა, მათი ლათინური, ქართული და ინგლისური დასახელება და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (IUCN) მიერ მინიჭებული კონსერვაციული სტატუსი.

რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიის ხილვა (ზომით 3მx1.5მ), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზეა შესაძლებელი.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი და National Geographic Magazine-ის გუნდის ხელმძღვენლობით ილუსტრატორებმა შექმნეს უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

დრიოპითეკის კბილები უდაბნოდან

მდებარეობა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (გარე კახეთი), დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარედ.

ასაკი: გვიანი მიოცენი (8.7 – 7.75 მლნ. წელი)

აღმოჩენის ისტორია: დავით გარეჯის უდაბნოში 1939 წელს პალეონტოლოგიური სადაზვერვო ექსპედიციისას ეკატერინე (კატო) გაბაშვილმა აღმოაჩინა პრიმატის ზედა ყბის ფრაგმენტი ორი კბილით.

აღწერა: უდაბნოში აღმოჩენილი ადამიანის მსგავსი მაიმუნი Udabnopithecus garedziensis, დრიოპითეკების ჯგუფის ყველაზე გვიანდელი წარმომადგენელია. და, ამასთან, ამ ჯგუფის აღმოსავლეთით უფრო ფართო გავრცელებაზე მიუთითებს. მორფოლოგიურად იგი უფრო ახლოს არის დასავლეთ ევროპულ პრიმატებთან, ვიდრე საქართველოსთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე, თურქეთსა და საბერძნეთში ნაპოვნ ჰომინოიდებთან.

detail right image